ხუთშაბათი, 18.04.2024, 14:17

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2010 » აგვისტო » 28 » მიძინება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა (მარიამობა)
17:38
მიძინება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა (მარიამობა)


მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა ან მარიამობა – ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების დღესასწაული. მართლმადიდებლობაში შედის ათორმეტ უდიდეს დღესასწაულთა სიაში. დღესასწაული აღინიშნება ძვ. სტ. 15 აგვისტოს/ახ. სტ. 28 აგვისტოს. იერუსალიმის, საქართველოს, რუსეთის, სერბეთის ავტოკეფალური და ათონის მთის ავტონომიური ეკლესიები, ასევე უკრაინის ბერძნულ–კათოლიკური (უნიატური) ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობენ იულიანური კალენდრით (ძვ. სტილით), ანუ ახ. სტილით 28 აგვისტოს. მართლმადიდებელი ეკლესიები ამავე დღეს თაყვანს სცემენ აწყურის, გაენათის, წილკნის, მეტეხის, ქვაბთახევის, მოზდოკის, ვლაქერნის და სხვა, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატებს. რომის კათოლიკური ეკლესია, ელადის (საბერძნეთის) და მასთან ერთად რამდენიმე მართლამიდედებელი ეკლესია მიძინების დღესასწაულს ახ. სტილით 15 აგვისტოს ზეიმობენ.



ღვთისმშობლის მიძინებისა და დაკრძალვის შესახებ წმინდა წერილის კანონიკურ წიგნებში არაფერია ნათქვამი. იოანეს სახარების მიხედვით, ჯვარზე გაკრულმა იესო ქრისტემ იოანე მახარებელი ღვთისმშობელს აშვილა: "ჰრქუა დედასა: დედაკაცო, აჰა ძჱ შენი! და მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი!". იმ დღიდან მარიამი იოანეს სახლში ცხოვრობდა:"მიერ ჟამითგან წარიყვანა იგი სახედ თჳსა" (იოან. 19: 25–27). ამის შემდეგ "საქმე მოციქულთა" გვაუწყებს, რომ ღვთისმშობელი ლოცულობდა მოციქულებთან ერთად (საქმ. 1: 14) და სულთმოფენობის დღეს, მათთან ერთად მიიღო სულიწმიდას ნიჭი (საქმ. 2: 1–14).
საეკლესიო გადმოცემა.

ამის შემდეგ ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების შესახებ ამბებს მხოლოდ საეკლესიო გადმოცემიდან ვიგებთ. კერძოდ, გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ჰეროდე მეფის (აგრიპა I) მიერ ქრისტიანთა დევნის გამო, 43 წლის ასაკში, იოანე ღვთისმეტყველთან ერთად ეფესოს მიაშურა, იყო კვიპროსზეც – მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან, ქრისტიანობა იქადაგა ათონის წმიდა მიწაზე, ბოლოს კი, კვლავ იერუსალიმს დაუბრუნდა.

ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი, ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!" ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო.

მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ – სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან სურდა, ამსოფლიდან განსვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა: მეყსეულად შემოჰკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე. ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო. მოციქულები მიესალმნენ მას და მოუთხრეს, თუ როგორ იქნენ აღტაცებულნი მოღვაწეობის ადგილებიდან. გახარებულმა უბიწო ქალწულმა მადლობა შესწირა ღმერთს, შემდეგ კი თავის მიცვალებაზე დაიწყო საუბარი. სწორედ ამ დროს, ასევე სასწაულებრივ, წარდგა მათ წინაშე პავლე მოციქულიც თავისი მოწაფეების: დიონისე არეოპაგელის, საკვირველი იეროთეოსის, ღვთაებრივი ტიმოთეს და სხვა სამოცდაათთაგანთა თანხლებით. მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხებდა. შემდეგ წმიდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს (დაახ. საღამოს 9 საათი) – ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, „იქმნა დიდებით განსაკჳრვებელი მოსლვა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა". ისეო ქრისტემ თავისი მშობლის წმიდა და ყოვლად უბიწო სული „საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თჳსთა ზედა მიირქუა" და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად.


დაკრძალვა და შემდგომი სასწაულები



მთელი სახლი საოცარი სურნელებით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმიდა ცხედარს, შემოკრბენ „სნეულნი და არა ძლებულნიც" და მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს.

ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას ერთი ათორმეტთაგანი – თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დაუხვდათ. მაშინ, ერთი ცნობით, „გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალე, წინაშე კიდობანსა მას, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებისაებრ მდგომარე იხილეს წმიდა ღვთისმშობელი და თაყუანისცეს". ყოვლადწმიდამ თომა ახლოს მიიხმო და მისი სარწმუნოების აღიარება რომ მოისმინა, „შეიტკბო და აკურთხნა და უჩინო იქმნა". სხვა წყაროთა მოწმობით, ყოვლადწმიდა მარიამი მაშინ გამოუჩნდათ გაოცებულ მოციქულებს, როცა შინ დაბრუნდნენ და ტრაპეზს შემოუსხდნენ. ღვთისმშობელმა მათ მიმართა: „გიხაროდენ! მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა შინა".
ღვთისმშობლის ასაკი გარდაცვალების დროს

არსებობს რამდენიმე მოსაზრება, მაგრამ მათგან ყველაზე სარწმუნოა, რომ ღვთისმშობელმა იცოცხლა 72 წელი და გარდაიცვალა დაახლოებით ქრისტეს დაბადებიდან 57 წელს, როგორც ამას ეპიფანე კვიპრელი და გიორგი კედრენე გადმოგვცემენ. მათ ეთანხმებიან წმ. ანდრია კრიტელი და სიმეონ მეტაფრასი, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ მარიამმა სიბერემდე იცოცხლა. ამავე აზრს იზიარებენ სხვა მკვლევრებიც.
კატეგორია: სხვა | ნანახია: 2583 | დაამატა: Smileyz_xato
სულ კომენტარები: 3
3 Lady_Gaga_N1_Fun  
0
......... au xat mec minda exa qvataxevshi yopna mteli natesaoba iqaa da chven kide aq viwvebi beboc momenatra ........ smile smile

2 Smileyz_xato  
0
დაესწარით მრავალს,ღვთისმშობლის ძალა გფარავდეთ angel angel angel

1 Smileyz_xato  
0
გილოცავთ ყველას მარიამობას როგორ მინდა ეხლა ქვათახევში ვიყო cry cry cry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]