პარასკევი, 19.04.2024, 23:16

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » მარტი » 10 » ”მოდის ხულიგანი” - ალექსანდრ მაკქვინი
16:27
”მოდის ხულიგანი” - ალექსანდრ მაკქვინი

2010 წლის 11 თებერვლის 10 საათია. მსოფლიო მოდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ხელოვანს ლონდონის ცენტრალურ უბანში, საკუთარ ბინაში გრინ სტრიტზე გარდაცვლილს პოულობენ. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ დიზაინერმა თავი ჩამოიხრჩო.

პრესა ერთმანეთზე სკანდალური სათაურის მქონე სტატიებით აჭრელდა, ლონდონში, პარიზში, ნიუ-იორკში, მილანში - ყველგან, სადაც იცოდნენ და უნახავთ მისი კოლექციები, მხოლოდ უცნაურ და მოულოდნელ სიკვდილზე საუბრობდნენ.
ალექსანდრ მაკქვინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, 9 მარტს კი ლონდონის მოდის კვირეულზე ახალი კოლექცია უნდა წარედგინა.

მხოლოდ მოგვიანებით აღმოაჩინეს რამდენიმესიტყვიანი წერილი, სადაც "საშინელ ბავშვად" წოდებული ხელოვანი ტრადიციული სიტყვაძუნწობით ემშვიდობებოდა სამყაროს: "გთხოვთ, მოუარეთ ჩემს ძაღლებს. მაპატიეთ, მიყვარხართ, ლი".

საზოგადოება ქვეცნობიერად ელოდა კიდეც მის თვითმკვლელობას - 41 წლის დიზაინერი ყოველი ჩვენებით მუდმივად შოკს გვრიდა მაყურებელს, საკუთარი ცხოვრების წესით კი გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდს ჰგავდა: არ ერიდებოდა არაპოპულარულ საქციელს, სკანდალი მისი შემოქმედების განუყოფელი ნაწილი იყო, პრესამ მას "მოდის ხულიგანი" შეარქვა, ამიტომაც აღსასრულიც ისეთივე ხმაურიანი ჰქონდა, როგორც მთელი ცხოვრება.

თვითმკვლელობის ბევრ მიზეზზე საუბრობდნენ: გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, მუდმივი სტრესი, უთანხმოებები... თუმცა საბოლოოდ, ყველა ერთ დასკვნამდე მივიდა: ხელოვანმა დედის სიკვდილი ვერ გადაიტანა. Guardian-ისთვის მომზადებულ სტატიაში (რესპოდენტი-კორესპონდენტი ალექსანდრე და დედამისი იყვნენ) ჯოისის კითხვაზე, თუ ვინ არის შენი ბედნიერების მთავარი მიზეზი, დიზაინერმა უპასუხა: "შენ".

სწორედ მასწავლებელი დედის დამსახურება იყო, რომ ლიმ (დიზაინერს ასე ეძახდნენ ახლობელთა წრეში) მკერავის პროფესიის შესწავლა დაიწყო. ბუნებრივია, ჯოისის ამ გადაწყვეტილებას გარკვეული წინაპირობაც ჰქონდა: მეექვსე და ყველაზე უმცროსი შვილი 3 წლის ასაკიდან ხატავდა, ვაჟების სასწავლებელში კი გაკვეთილების დროს ესკიზების ჩანახატებს აკეთებდა, სამ დასაც ორიგინალურ სამოსს უკერავდა, 16 წლის ასაკში პირველი კაბა შეკერა და მას შემდეგ პრაქტიკულად არც გაჩერებულა.

Savile Row-ზე სამკერვალო სალონში მუშაობისას თეატრალურ კოსტიუმებს XVI საუკუნის ტენდენციების შესაბამისად ქმნიდა. ამბიციურ ინგლისელს იმაშიც გაუმართლა, რომ ერთდროულად სამოსის შექმნის დასავლურ და აღმოსავლურ მიმართულებებს ეცნობოდა: ცოტა ხანში იაპონელ დიზაინერს კოში ტატსუნოს და იტალიელ კუტურიეს რომეო ჯილის დაუდგა შეგირდად. შედეგად კი სრულიად ახალგაზრდამ მუშაობის საკუთარი პრინციპი გამოიმუშავა: ელეგანტურ ფორმაში კრეატიული შესრულება.

25 წლისამ ლონდონის წმინდა მარტინის კოლეჯში ჩააბარა, სადიპლომო ნამუშევარი Vogue და Tatler-ის რედაქტორმა იზაბელ ბლოუმ მოიწონა და დამწყები დიზაინერისთვის მოდის სამყაროში ერთგული მეგზური გახდა. 1994 წელს ის წლის აღმოჩენად დაასახელეს, მაქუინის მიმზიდველობა დღითიდღე იზრდებოდა და მისმა პირველმა სერიოზულმა ეპატაჟურმა კოლექციამაც არ დააყოვნა: კოლექციას "გაუპატიურებული შოტლანდია" დაარქვა, მოდელები სისხლიან ბინტებში გაახვია, მომდევნო ნამუშევარი კი აფრიკის მოშიმშილე ხალხებს მიუძღვნა და კაბებზე მკვდარი კალიები მიაწება.

რაში სჭირდებოდა დიზაინერს მსგავსი კოლექციები? ის ხომ ხელოვანი იყო და არა რევოლუციონერი? იქნებ იმის ჩვენება უნდოდა, რომ მეგაპოლისების მიღმაც ცხოვროვენ ადამიანები, რომელთაც არც მოდის ბოლო ტენდენციების მიხედვით აცვიათ და არც ძვირადღირებულ სუნამოს ხმარობენ, თუმცა სხვა უფრო ძვირფას, ადამიანურ ღირსებებს ინარჩუნებენ. ცხადი გახდა, რომ მაკქვინი წარმატებული, მდიდარი და სნობი წრეების ქომაგი ნამდვილად არ იქნებოდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთ-ერთ პიჯაკს, რომელიც ექსკლუზიურად პრინც ჩარლზისთვის შეკერა, სახელოს ქვევით მიაკერა წარწერა წითელი ძაფებით "მე ძუკნა ვარ" (თუმცა სხვები წერდნენ, რომ უინძორის მომავალ მკვიდრს დიზაინერის სხვა წარწერებიანი კოსტიუმის ტარება მოუწია: "აქ იყო მაკქვინი"). ლონდონი შოკში ჩავარდა, დაიწყო მაკქვინის მარგინალიზაციის პროცესი, მან კი მშვიდად უპასუხა ამ აჟიოტაჟს: "შოუში ყოველთვის იმას ვაჩვენებ, რისი ნახვაც არ უნდათ ადამიანებს: შიმშილს, გაჭირვებას, სისხლს. ვუყურებ ამ მოდურ თავყრილობას, სადაც შავი სათვალეებითა და ძვირად ღირებული სამოსით იწონებენ თავს და მინდა ამ ადამიანებს ცხოვრების სხვა მხარე დავანახო. დაე, გამოიწვიოს ამან შეძრწუნება და ზიზღი მათში - მე ეს ხელს მაძლევს".

ალბათ არცერთი სხვა დიზაინერის კოლექციას არ ახლდა თან ისეთი სოციალური კონტექსტი, როგორც მაკქვინისას. 2009 წლის ერთ-ერთ ჩვენებაზე მოდელები დამახინჯებული სახეებითა და არეული მაკიაჟით გამოიყვანა. ესთეტიზმის ნაცვლად, ეს ლამაზმანები შიშს უფრო გამოხატავდნენ: "სამი და მყავს და ვიცი, რა ძალადობას განიცდიან ქალები მამაკაცებისგან. მინდა, რომ ქალები, რომელთაც მე ვაცმევ, თავად აღვიძებდნენ შიშს მამაკაცებში", - განმარტა ლიმ ჩვენების ბოლოს ჟურნალისტებთან საუბრისას.

ძლიერი ქალი, არავითარი სისუსტე და კომპრომისი, თუ ძალადობაა, იყოს ძალადობა ქალების მხრიდან - ამგვარ მატრიარქალურ იდეებს ალექსანდრე მუდმივად ქადაგებდა. არც პრესასთან მეგობრობდა დიდად, ხაზს სულ იმას უსვამდა, რომ ჟურნალებს იმიტომ ბეჭდავენ, რომ მათ ქალებს უკარნახონ, რა ჩაიცვან: "ჩემი ქალბატონები ვერ იტანენ კარნახს. ვქმნი თანაბარ გარემოს მამაკაცებისთვისაც და ქალებისთვისაც. მე ფემინისტი ვარ მამაკაცურ საწყისში..."

გასული საუკუნის 90-იანები მაკქვინის ბრწყინვალების ხანაა. 1997 წელს American Express-ის მხარდაჭერა მიიღო სპონსორობაზე, იმავე წელს კი ჯონ გალიანოს პროტექციის ობიექტი და Givenchy-ის მთავარი დიზაინერი გახდა. მათთვის შექმნილ ბერძნულ კოლექციაში ყურადღება თავის აქსესუარებზე გააკეთა, რომლებიც მოოქროვილ რქებს მოგაგონებდათ.

1996 წელს ყველაზე ახალგაზრდა ხელოვანი გახდა, რომელმაც წლის საუკუთესო დიზაინერის წოდება მიიღო. მსოფლიო მოდის კრიტიკოსებმა მას ეს ტიტული ოთხჯერ მიანიჭეს. არც სახელმწიფო სტატუსმა დააყოვნა: 2003 წელს ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი გახდა. როგორც მაშინ წერდნენ, სამეფო კარზე მიღებისას ერთადერთი სტუმარი იყო, რომელსაც ეტიკეტის მიხედვით არ ეცვა.

მოსკოვის ერთ-ერთ მეტროსადგურში გრანდიოზული შოუ გამართა; რელიგიას ყველა ომის მიზეზად თვლიდა და ჩვენება ეკლესიაში მოაწყო; უარი თქვა პერფომანსის კლასიკურ გაგებაზე და მოდელები ჭადრაკის დაფაზე განალაგა; ერთ-ერთ ჩვენებაზე საკუთარი ძაღლებიც კი გამოიყვანა მოდელებად; "პლატონის ატლანტიდა" - ეს სახელი შეურჩია კოლექციას, რომელიც მსოფლიო წარღვნას მიუძღვნა, მოდელებს ფარფლებისმაგვარი დეტალები მიუკერა და ადამიანი-ამფიბიის საკუთარი ხედვა წარმოადგინა. მის სახელოსნოს აფეთქებულ ზოოპარკს ადარებდნენ, სადაც ათეულობით სხვადასხვა ცხოველის ქურქი იყო მიმოფანტული სკამებზე, კედლებზე, ჭაღებზე კი ნემსების გროვა ეკიდა. ლი უარს ამბობდა სნობურ მიმართულებებზე და ვერც ლონდონურ ბომონდს იტანდა დიდად: "არ ვაპირებ ფულიანების სახლებში კუდის ქიცინს, მე აგრესიის და დროის შეგრძნება მაქვს და თუ გინდათ, გეცვათ მაკქვინი, თავად მოდით მასთან"... მსგავსი ფრაზებით მთავრდება თითქმის ყველა მისი ინტერვიუ...

11 თებერვალს მოდის "ჭირვეულმა ბავშვმა" შემოქმედებითი ნათლიის იზაბელ ლოუს თვითმკვლელობიდან ერთი წლის და დედის გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ საკუთარი გარდერობის ოთახში თავი ჩამოიხრჩო.

სამედიცინო ექსპერტიზამ სისხლში საკმაო რაოდენობის კოკაინი აღმოაჩინა...
"რა იქნება ხვალ? ნუ მეკითხებით ამას - მეგობრებო, წელიწადში ათ კოლექციას ვქმნი და საიდან უნდა ვიცოდე, ხვალ რას, სად ან როგორ გავაკეთებ?!" - ეს პასუხი მან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თქვა.

კატეგორია: Fashion | ნანახია: 1332 | დაამატა: Lady_Gaga_N1_Fun
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]