ხუთშაბათი, 23.11.2017, 12:08

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » 2011 » თებერვალი » 27 » "ოსკარის" დაჯილდოების საიდუმლოებანი
12:30
"ოსკარის" დაჯილდოების საიდუმლოებანი


ხვალ შევიტყობთ, ვინ გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიის მფლობელი და ვინ წაიღებს სახლში "ოსკარს". დიზაინერები ვარსკვლავებს კაბებს უკანასკნელად აზომებენ, ცერემონიის წამყვანები ტექსტს იმეორებენ, ჰოლივუდის ლამაზმანები კი შიმშილობენ, რათა დაჯილდოების ცერემონიალზე სათანადო ფორმაში გამოცხადდნენ. ოსკარების დაჯილდოების წინა დღეს ბრიტანულმა "დეილი მეილმა" გრანდიოზული შოუს სამზადისის საიდუმლო დეტალები გაამჟღავნა.

ვინ ვის გვერდით დაჯდება
ორგანიზატორების ერთ-ერთი მთავარი თავსატეხი 3100 სტუმრის სათანადოდ განლაგებაა. ამ საქმეს 1980-2002 წლებში მშვენივრად ართმევდა თავს ოტო სპოერი. ის "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი თანამშრმელია.

სტუმართა განლაგების დროს ერთ-ერთი მთავარი პირობა ის არის, რომ ერთ პრემიაზე ნომინირებული ადამიანები გვერდიგვერდ არ ისხდნენ, არავის სურს ბედნიერი ადამიანის გვერდით მოწყენილი სახის ხილვა. ნომინანტები ისე უნდა მოთავსდნენ, რომ სცენასთან ახლოს იყვნენ, რათა მათ სცენაზე ასვლას დიდი დრო არ მოანდომონ. კიდევ ერთი წესი: ყოფილ საყვარლებს ერთმანეთისგან მოშორებით სვამენ. ორგანიზატორებს განსაკუთრებულად უჭირთ ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის განთავსება. მათ სრულიად სხვადასხვა მხარეს სვამენ, რადგან ღმერთმა არ ქნას, ანჯელინამ ჯენიფერზე არ იეჭვიანოს.

ვინ ავსებს "ოსკარებზე" დარბაზს
"ოსკარების" დაჯილდოების ცერემონია საათობით გრძელდება, ზოგიერთი გამარჯვებულის სამადლობელი სიტყვა კი - უბრალოდ, არ მთავრდება. მოთმინების საოცარი უნარი უნდა გქონდეს, რომ დარბაზში ცერემონიის ბოლომდე გაუნძრევლად იჯდე. გასაკვირი არ არის, რომ ვარსკვლავები "ცუღლუტობენ" და საკუთარ ადგილებზე ვერ ჩერდებიან. იმისათვის რომ ეთერში ცარიელი ადგილები არ გამოჩნდეს, ცერემონიის ორგანიზატორებს 100 მოხალისე ჰყავთ დაქირავებული. მოხალისე ცარიელ სავარძელს მანამდე იკავებს, ვიდრე ვარსკვლავი თავის ადგილს დაუბრუნდება. საღამოსთვის ორგანიზატორები მოხალისეებს 160 დოლარს უხდიან, ამასთან ისინი ვალდებულნი არიან ცერემონიალზე თავიანთი სმოკინგით მივიდნენ. მოხალისეებს ეკრძალებათ ვარსკვლავებთან დალაპარაკება, კამერებისთვის ხელის დაქნევა და ნებისმიერი სახის ქმედება რაც ყურადღებას მიიპყრობს.

წითელი ხალიჩა
უკვე ორშაბათიდან პოლიციამ ჰოლივუდის ბულვარი გადაკეტა. ჰოლივუდში უკვე გაშალეს წითელი ხალიჩა. სწორედ ამ ხალიჩაზე გაივლიან ვარსკვლავები. ნეილონის ხალიჩა ღია წითელ ფერად იმგვარადაა შეღებილი, რომ საღებავმა ვარსკვლავების ფეხსაცმელი არ დასვაროს. 25 კაციანი ჯგუფი ხალიჩას მიწაზე ორი დღის მანძილზე ამაგრებს და ასწორებს. ცერემონიამდე ხალიჩას პლასტიკური ლენტით ფარავენ. წითელი ხალიჩა ორ წელიწადში ერთხელ იცვლება. ცერემონიის შემდეგ ის კალიფორნიაში მიაქვთ, სადაც მომავალ "ოსკარამდე"ინახება.

ვინ უწერს ვარსკვლავებს ხუმრობებს
თითოეული ხუმრობას და მონოლოგს, რომელსაც ვარსკვლავები სცენაზე გამოსვლისას ამბობენ, სცენარისტები წერენ. 77 წლის ბუზა კოჰანი, რომელიც მონოლოგების მწერალია, "ოსკარებისთვის" ამ საქმეს 50 წელია აკეთებს. "ცერემონიის წამყვანებისთვის, სცენარისტების ერთი გუნდი მუშაობს. ისინი ხუმრობებს, მხოლოდ ამ წამყვანებისთვის წერენ. სხვა ჯგუფი რეპლიკებსა და მონოლოგებს სცენაზე გამომსვლელი ყველა დანარჩენი ადამიანისთვის წერს", - ამბობს კოჰანი.

ვარსკვლავური საჩუქრები
დაჯილდოების ცერემონიამდე მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერები ნამდვილ "ორთაბრძოლას" მართავენ. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ რომელ ვარსკვლავს ჩააცმევს. ვასრკვლავები წაგებაში არ რჩებიან, ისინი ხომ მდიდრულ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სამკაულებსა თუ აქსესუარებს უფასოდ იღებენ. მრავალრიცხოვანი სასაჩუქრე პაკეტები და კონვერტები სხვადასხვა ფირმებისგან - ეს "ოსკარის" მრავალწლიანი ტრადიციაა. ამ ტრადიციას ვარსკვლავები მხარს უჭერენ და "აღმერთებენ" კიდეც. ამ "ორმხრივ მოგებაზე" დაფუძნებულმა ურთიერთობამ გასულ წელს ვარსკვლავებს არცთუ მცირე საჩუქრები მოუტანა: ბრილიანტები, საგზურები, ძვირფასი საათები, სპა სალონების აბონემენტი და სხვა...

როგორ ირჩევენ ვარსკვლავები კაბებს "ოსკარისთვის"
როგორ კაბას ამოირჩევენ ვარსკვლავები, ეს მედიისთვის ისეთივე საიდუმლოებაა, როგორც კონვერტებზე დაბეჭდილი გამარჯვებულების სახელები. ვარსკვლავებს დიდი არჩევანი აქვთ: ცერემონიამდე მსოფლიოს ცნობილი დიზაინერები "რიგში" დგანან, რომ ვარსკვლავებს კაბები მოაწონონ. დიზაინერების კაბები ვარსკვლავებისთვის უფასოდ იკერება. უფრო მეტიც, ზოგიერთი დიზაინერი მზადაა, რომ ვარსკვლავს თანხა გადაუხადოს, ოღონდ მსახიობმა არჩევანი მის კაბაზე შეაჩეროს. ამ კაბას თითქმის მთელი მსოფლიო ნახავს, მერე კი მთელი წელი ისაუბრებენ.

სპეციალისტების აზრით, რამდენიმე საათიანი "ოსკარი" დიზაინერებისთვის 25 მლნ-იანი სარეკლამო კამპანიის ტოლფასია. ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ დიზაინერები იბრძვიან. ეს ერთგვარი სარეკლამო ბრძოლაა, რომელსაც მათთვის გაუგონარი დივიდენდები მოაქვს.

ზოგიერთ ვარსკვლავს მუდმივი რჩეული ყავს. მაგალითად მსახიობი რენე ზელვეგერი "ოსკარზე" ყოველთვის "კაროლინა ჰერერას" ტანსაცმელში გამოწყობილი მიდის ხოლმე. დიზაინერები მსახიობებზე "ნადირობას" "ოსკარის" დაჯილდოებამდე 9 თვით ადრე კანის კინოფესტივალის დასრულების შემდეგ იწყებენ.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 491 | დაამატა: marika_:):):)
სულ კომენტარები: 1
1  
biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin cool cool cool cool cool cool

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]