[b]ჟურნალების O, The Oprah Magazine, People, People En Espanol, Real Simple, Essence და InStyle აპრილის ნომრებს ფოტოსესია "ზღაპარი სამყაროსავით ძველია" დაამნშვენებს, რომელიც ცნობილმა ფოტოგრაფმა, ენი ლეიბოვიცმა სტუდია Disney-სთვის შექმნა. ფოტოსესიის პერსონაჟებად ცნობილი ვარსკვლავები გვევლინებიან. მაგალითად, ერთ-ერთ ფოტოზე "ლამაზმანსა და ურჩხულს" პენელოპა კრუზი და ჯეფ ბრიჯესი განასახიერებენ. აღსანიშნავია, რომ ჯეფი "ოსკარის" დაჯილდოვების შარშანდელ ცერემონიაზე პენელოპას მეუღლის - ჰავიერ ბარდემის კონკურენტი იყო, თუმცა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო, საბოლოოდ, კოლინ ფერსს ხვდა წილად.
მეორე ფოტოზე "ფიფქიას" ბოროტ დედოფალს ოლივია უაილდი განასახიერებს. მოლაპარაკე სარკის სულს კი - ალეკ ბოლდუინი. "ქალთევზას" ჯადოქარ ურსულას სახე "ოქროს გლობუსისა და"გრემის" მფლობელმა მსახიობმა და მომღერალმა კუინ ლატიფამ მოირგო.
სტუდია Disney-სთვის ლეიბოვიცის სახალისო ფოტოსესიები უკვე ტრადიციად იქცა. ნამუშევრებში ის კინოს, მუსიკისა და სპორტის ვარსკვლავების ფოტოებს იყენებს.
თავად ენი ლეიბოვიცი უკვე ლეგენდად მიიჩნევა. ის მხატვრული ფოტოგრაფიის დამსახურებული ოსტატია. მისი ნამუშევრები ჟურნალების - Vogue, Vanity Fair, New Yorker და Rolling Stone გვერდებს ამშვენებს. მასთან შიშვლად პოზირებდნენ ჯონ ლენონი და ბეტი მიდლერი, ვუპი გოლდბერგი და დემი მური, სტინგი და დივაინი, არნოლდ შვარცნეგერი, დევიდ ბექჰემი, არმსტრონგი და სხვები. მის შესახებ მრავალი წიგნი და სტატიაა დაწერილი.[