კრისტინა აგილერამ ამერიკული ფეხბურთის სუპერთასის მატჩის გახსნის ცერემონიაზე ჰიმნის შესრულების დროს სიტყვები აურია.
ჰიმნის პირველ სტროფში მეოთხე სტრიქონის - "O'er the ramparts we watched, were so gallantly streaming" ნაცვლად, მეორე სტრიქონი გაიმეორა და ერთი სიტყვაც შეცვალა. ორიგინალში ჰიმნის მეორე სტროფი შემდეგნაირად ჟღერს "What so proudly we watched at the twilight's last gleaming", აგილერამ კი სიტყვა "watched" სიტყვა "hailed"-ით შეცვალა. სიმღერის ჩანაწერი YouTube-ზე გავრცელდა.
კრისტინა აგილერას პრეს-სამსახური მომღერლის მიერ დაშვებულ შეცდომასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. სოციალურ ქსელებში კი ამ კურიოზს აქტიურად განიხილავენ.
ამერიკული ფეხბურთის სუპერთასის გათამაშება აშშ-ში წლის მთავარი სპორტული მოვლენაა. მატჩის დაწყებამდე ეროვნული ჰიმნის შესასრულებლად ყველაზე ცნობილ მომღერლებს იწვევენ. 2004 წელს ერთ-ერთი ასეთი გამოსვლისას, რომელსაც პირდაპირ ეთერში მილიონობით ადამიანი უყურებდა, მომღერალმა ჯენეტ ჯექსონმა შემთხვევით მკერდი მოიშიშვლა.
2009 წელს სუპერთასის გათამაშებისას კიდევ ერთი სკანდალი მოხდა - ერთ-ერთი საკაბელო ქსელის მაყურებლებს მატჩის დროს პორნოგრაფიული ვიდეორგოლი ჩაურთეს
.